ბუფონის იუბილე და რონალდოს დუბლი - „იუვენტუსმა“ „ინტერი“ დაამარცხა [ვიდეო]

იტალიის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს „ინტერი“ და „იუვენტუსი“ შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ორმატჩიანია და პირველ შეხვედრაში „ინტერი“ ტურინელებს მასპინძლობდა.

იტალიური გრანდების შეხვედრაში ანგარიში მეცხრე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გახსნა და მილანელები წინ გაიყვანა.

„ინტერის“ სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. ტურინელები შესვენებაზე გამარჯვებულები გავიდნენ.

მატჩის მეორე ტაიმი უგოლოდ დასრულდა და პრინციპულ შეხვედრაში საბოლოო ანგარიშად 1:2 დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონისთვის ეს შეხვედრა საიუბილეო იყო – 43 წლის გოლკიპერმა 1100-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა.