ბუფონი სეზონის შემდეგ კარიერას ასრულებს
ბუფონი სეზონის შემდეგ კარიერას ასრულებს

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა, სილვანო მარტინამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი კარიერას 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დაასრულებს. 40 წლის ფეხბურთელი ოფიციალურ განცხადებას 17 მაისს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

„ეს არ იქნება გამოთხოვება ტოტის სტილში, რადგან მსგავსი დრამატული გაცილებები მხოლოდ რომში შეიძლება შედგეს. ტურინში მე ველოდები გაცილებას დელ პიეროს სტილში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ისტორიაში უდიადესი მეკარის გვერდით ყოფნა. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ის თავად მოგიყვებათ ყველაფერს ხუთშაბათს, პრესკონფერენციაზე“, – მოჰყავს Juvenews-ს მარტინას სიტყვები.

19 მაისს „იუვენტუსი“ შინ მართავს იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს „ვერონას“ წინააღმდეგ. სწორედ ეს იქნება ბუფონის კარიერის უკანასკნელი მატჩი.

ბუფონი „იუვენტუსში“ 2001 წლიდან თამაშობს. ის იტალიის ცხრაგზის ჩემპიონია, ექვსჯერ აქვს მოგებული იტალიის სუპერთასი, ხუთჯერ ქვეყნის თასი, ერთხელ – უეფა-ს თასი. 2006 წელს იტალიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.