ბუენოს-აირესში ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა
ბუენოს-აირესში ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა

ზაფხულის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს 206 ქვეყნის სპორტსმენები გამოდიოდნენ. თამაშების დასკვნითი ცერემონია ოლიმპიურ სოფელში ჩატარდა. მონაწილე ქვეყნების მედროშეთა ტრადიციული აღლუმის დაწყებამდე ცერემონიის ოფიციალური ნაწილი გაიმართა. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, მოხალისეებს, ეროვნული ოლიმპიური დელეგაციების ხელმძღვანელებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, არგენტინის პრეზიდენტმა მაურიციო მაკრიმ, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ხერარდო ვერთეინმა მიმართეს.

თომას ბახმა მაღალი შეფასება მისცა ოლიმპიადის ორგანიზატორების გარჯას და აღნიშნა, რომ ეს იყო ინოვაციური თამაშები და ახალგაზრდა სპორტსმენებს ემოციებით აღსავსე დაუვიწყარი დღეები აჩუქეს.

მედროშეთა აღლუმი, ტრადიციულად, ბერძნებმა გახსნეს, ბოლოს კი გამოჩნდა მასპინძელი ქვეყნის – არგენტინის დროშა. საქართველოს მედროშე ახალგაზდული ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი სენაკელი მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე იყო.

ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე 6 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბოლოოდ 44-ე ადგილზე გავიდნენ.

2022 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს სენეგალის დედაქალაქი დაკარი უმასპინძლებს.