ბუდუ ზივზივაძის ღირსეული დებიუტი „კარლსრუეში“ - გერმანული მედია ქართველ თავდამსხმელზე წერს #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის ღირსეული დებიუტი „კარლსრუეში“ - გერმანული მედია ქართველ თავდამსხმელზე წერს #1TVSPORT

გერმანულმა გამოცემა ka-news.de-მ „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში ქართველი თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის თამაში შეაფასა და ღირსეული დებიუტი უწოდა.

ზივზივაძის ღირსეული თამაში

„ბუდუ ზივზივაძემ ბილეფელდის „არმინიას“ წინააღმდეგ „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ეს ეტაპია ყველა მოთამაშისთვის. „კარლსრუეს“ თავდამსხმელი მთელი 62-ე წუთის განმავლობაში იყო მოედანზე და კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ზივზივაძის მსგავსად, ქართველის თამაშით კმაყოფილი დარჩა მწვრთნელი კრისტიან ეიხნერიც. ზამთრის ტრანსფერის შემდემ ბუდუ ზივზივაძეს დაახლოებით ათი კვირა დასჭირდა, სანამ „კარლსრუეს“ სასტარტო თერთმეტეულში თამაშის უფლებას მისცემდნენ.

რა თქმა უნდა, თავიდან თანაგუნდელებთან ავტომატიზმამდე მიყვანილი შეთამაშება არ ჰქონდა. გარდა ამისა, მას ორი უზარმაზარი, ფიზიკურად ძლიერი მეტოქე ჰყავდა, ამიტომ ზივზივაძემ თავით თამაშის უმეტესი ნაწილი წააგო, მაგრამ დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ყველაფერი გაუმჯობესდა. 29 წლის ქართველმა უფრო მეტი კავშირები იპოვა, თამაშს შეეჩვია და მას შემდეგ ორთბრძოლებს ერთმანეთის მიყოლებით იგებდა. თანაც მონდომებული იყო, ორთაბრძოლებს არ გაურბოდა და აგრესიულობას ავლენდა. 52-ე წუთზე კარგი საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 62 წუთის შემდეგ მოედანი დატოვა. მანამდე მან კარში ორჯერ დაარტყა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. გაირბინა 7,08 კმ, დააფიქსირა 19 სპრინტი, მაქსიმალური სიჩქარე 28,4 კმ/სთ“.

ზივზივაძემ სასტარტო შემადგენლობაში თავისი დებიუტი კი ასე შეაფასა: 

„ყველაფერი რიგზე იყო. კიდევ რამდენიმე თამაში მჭირდება, რომ გუნდს შევეწყო. ეს იყო ჩემი პირველი თამაში სასტარტო შემადგენლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ამას უნდა შევეჩვიო, ეს ადვილი არ იყო. თუმცა, ვპირდები გულშემატკივრებს, რომ გავაგრძელებ მუშაობას და იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩებში გოლს გავიტან. რაც შეეხება „არმინიასთან“ 4:2 გამარჯვებას, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. იმედია, სასტარტო 11-ში ადგილს დავიმკვიდრებ და დარჩენილ შეხვედრებში სათამაშო დრო ისევ მექნება“.

ქართველის თამაშზე კომენტარი გააკეთა გუნდის მწვრთნელმა, კრისტიან ეიხნერმაც: 

„ბუდუმ თავისი თვისებები ვარჯიშზე დაამტკიცა, განსაკუთრებით, ბოლოს. ჯერ გუნდთან 100 პროცენტით ადაპტირებული არ არის, მაგრამ ეს ნორმალურია. საქართველოს ნაკრებში თამაშმა და ასევე იმან, რომ ოჯახი კარლსრუეშია, მასზე სასარგებელო გავლენა მოახდინა. ბუდუმ „არმინიასთან“ ძალიან ღირსეულად ითამაშა და ყველას აჩვენა, რომ მეტოქისთვის შეიძლება ძალიან არასასიამოვნო თავდამსხმელი იყოს. მისი პირველი ნაბიჯით ბედნიერი ვარ“.