ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა - „კარლსრუემ“ „ვეენთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა - „კარლსრუემ“ „ვეენთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის წარმატებული სერია გრძელდება. ქართველმა თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „ვეენსაც“ გაუტანა, მისმა „კარლსრუემ“ კი ქულა მოიპოვა – 2:2.

მე-20 ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძე კვლავ „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, „ვეენის“ წინააღმდეგ 88 წუთი ითამაშა და 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ამით მისმა გუნდმა შესვენებამდე უპირატესობა მოიპოვა.

მეორე ტაიმი უხვგოლიანი გამოვიდა. 48-ე წუთზე ივან პრტაინმა წონასწორობა აღადგინა. მართალია, მალე (53) იგორ მატანოვიჩმა „კარლსრუე“ ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ 74-ე წუთზე ნიკ ბაცნერმა „ვეენის“ მხრიდან მეორე გოლი გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„კარლსრუემ“ 20 ტურის შემდეგ 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი ოფის ზონას გუნდი შვიდი ქულით ჩამორჩება.

ბუდუ ზივზივაძემ ბოლო შვიდ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე შვიდი გოლია. ქართველი „კარლსრუეს“ ბომბარდირთა შორის იგორ მატანოვიჩთან ერთად ლიდერია.