ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მეცხრე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძე მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „გროიტერ ფიურტთან“ გასვლით მატჩში „კარლსრუეს“ მოგებაში (3:2) დიდი როლი ითამაშა.
მე-13 ტურის დაპირისპირების პირველი ტაიმი მასპინძლებმა ჰრგოტას მიერ მე-20 წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგეს. მაგრამ მატჩის მეორე ნახევარი „კარლსრუემ“ ძალიან კარგად ჩაატარა და თამაშის შემოტრიალება მოახერხა.
მთავარი გმირი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იყო, რომელმაც 46-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 73-ე წუთზე კი მისი გადაცემით მეკარესთან პირისპირ კონტე დარჩა და სტუმრები წინ გაიყვანა.
ბუდუმ ამის შემდეგ ორჯერ თავად სცადა გატანა, პირველად ხარიხას მოარტყა, მეორედ კი მისი სახიფათო დარტყმა მცველმა დაბლოკა. 79-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქის მეკარეს შეცდომა დააშვებინა, რითიც შლოისნერმა ისარგებლა და „კარლსრუეს“ უპირატესობა გაზარდა.
ამ მოგების შემდეგ „კარლსრუე“ 24 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა. ბუდუ ზივზივაძე კი ცხრა გოლითა და ორი საგოლე გადაცემით მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირია.