ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში ისევ გაიტანა - „კარლსრუემ“ სტუმრად „ჰანზა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ისევ გაიტანა, „კარლსრუემ“ კი სტუმრად ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი როსტოკის „ჰანზა“ 2:1 დაამარცხა.

მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ძალიან სწრაფად, მე-6 წუთზე გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიზე თამაშგარე დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 33-ე წუთზე კი „ჰანზა“ ნიკო ნაიდჰარტმა ეფექტური გოლით დააწინაურა.

„კარლსრუემ“ თამაში მეორე ტაიმის 4-წუთიან მონაკვეთში შემოატრიალა, რაშიც ბუდუმ დიდი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 52-ე წუთზე იგორ მატანოვიჩს „კედელი“ გაუთამაშა, საჯარიმოში ბურთი დაიბრუნა და ეფექტური მოჭრილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 56-ე წუთზე როსტოკის „ჰანზას“ კარში დანიშნული პენალტი მარვინ ვანიცეკმა გამოიყენა და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28-ე შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, მას ერთი საგოლე გადაცემაც აქვს და მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულს მიუახლოვდა. „კარლსრუემ“ კი 32 ტურის შემდეგ 52 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა, მაგრამ ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი აღარ აქვს.