ბუდუ ზივზივაძე – ვფიქრობ, ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი ვითარება იქნება #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, ბუდუ ზივზივაძე იმედოვნებს, რომ ბოლო ტურებში გუნდი ვითარებას შეცვლის და გულშემატკივარს გაახარებს. ამავე დროს მან ყურადღება დაცვის თამაშზეც გაამახვილა:
„თბილისშიც არ იყო იოლი ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაში. ზოგადად, სანაკრებო დონეზე არ არსებობს შეხვედრა, სადაც მიზნის მიღწევას იოლად შეძლებ, თუ ბოლომდე არ დაიხარჯები და არ მოინდომებ.
რაც შეეხება მამარდაშვილის ფაქტორს, გასახდელშიც და ახლაც, აქედანაც, მადლობას ვუხდი მას მოგერიებული პენალტისთვის, რადგან ქულა სწორედ ასე მოვიპოვეთ. წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს. დარწმუნებული ვარ, უკვე ხვალიდან, როცა ფეხბურთელები კლუბებში დაბრუნდებიან, დაიწყებენ ამ მატჩებზე ფიქრსა და მომზადებას.
დაცვის თამაშზე ვიტყოდი, რომ გუნდმა ძალიან მოუმატა, რადგან, როდესაც ნაკრებს გურამ კაშიას მსგავსი ლიდერი აკლია, ასეთი დანაკლისის შევსება მარტივი არ არის. თუმცა, ვფიქრობ, ამ ოთხ თამაშში, რამდენიმე ეპიზოდის გარდა, დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა.
ამ ნაკრების მჯერა. საქართველოს ნაკრებს მარტივად არასდროს არაფრისთვის მიუღწევია. ახლაც რთულ სიტუაციაში ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ ნოემბერში სხვანაირი ვითარება იქნება. ყველანაირად შევეცდებით, დარჩენილ ორ შეხვედრაში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ“, – ამბობს ზივზივაძე.