ბუდუ ზივზივაძე - ვფიქრობ, ეს გოლი „კარლსრუეში“ პოზიციების გაძლიერებაშიც დამეხმარება #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - ვფიქრობ, ეს გოლი „კარლსრუეში“ პოზიციების გაძლიერებაშიც დამეხმარება #1TVSPORT

გერმანულმა პორტალმა, ka-news.de-მ წერილი გამოაქვეყნა ბუდუ ზივზივაძეზე, რომელმაც მეორე ბუნდესლიგის ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და „კარლსრუეს“ საშინაო შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ „ჰამბურგთან“ ქულა მოუტანა – 2:2.

მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში ბუდუ ზივზივაძე მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ 90+5-ე წუთზე „ჰამბურგის“ კარის აიღება მოახერხა.

ზივზივაძე გოლის შემდეგ ხასიათზე მოვიდა – დარჩება თუ არა თავდამსხმელი „კარლსრუეში?“

აქამდე ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ რთული პერიოდი ჰქონდა. ისე ჩანდა, რომ ქართველი კლუბს დატოვებდა. სეზონის დასაწყისში „ოსნაბრუკთან“ (3:2) ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, „ჰამბურგთან“ მატჩში კი მხოლოდ შეცვლაზე შევიდა.

თავდამსხმელი გუნდში პოზიციების გაძლიერებას იმედოვნებს მას შემდეგ, რაც „ჰამბურგთან“ ანგარიში გაათანაბრა.

„ვფიქრობ, ეს გოლი გუნდში პოზიციების გაძლიერებაშიც დამეხმარება და თავდაჯერებულობასაც შემძენს. ბედნიერი ვარ ამ გოლით. მით უფრო იმით, რომ სტადიონზე მშვენიერი ატმოსფერო იყო, ხოლო ბოლოს ფანებმა ფეხბურთელები კარგი თამაშის გამო ოვაციებით დაგვაჯილდოვეს“, – განაცხადა ქართველმა თავდამსხმელმა.

დამშვიდობება გამორიცხული მაინც არ არის

ზივზივაძე „კარლსრუეში“ იანვარში უნგრული „ფეჰერვარიდან“ გადავიდა, მაგრამ აქამდე რთული პერიოდი ჰქონდა და ისე ჩანდა, რომ 29 წლის ფეხბურთელი ზაფხულში მეორე ბუნდესლიგის გუნდს ისევ დატოვებდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან ნაადრევ გამომშვიდობებაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია, რადგან მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვლილი, თუმცა „კარლსრუე“ კვლავ ეძებს ახალ თავდამსხმელს. ახლა კი არაა გამორიცხული, „ჰამბურგთან“ გოლით ზივზივაძე მწვრთნელის, კრისტიან ეიხნერის თვალში უფრო დაფასდეს“, – წერს გერმანული ინტერნეტ-პორტალი.