ბუდუ ზივზივაძე - თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, სასურველ შედეგს მივაღწევთ #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, სასურველ შედეგს მივაღწევთ #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთთან მატჩამდე რაზგრადის „ლუდოგორეც არენაზე“ ივარჯიშა. „ჯვაროსნების“ მოთამაშეებმა ოთარ კაკაბაძემ და ბუდუ ზივზივაძემ მოახლოებული დაპირისპირებისთვის გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრეს.

ოთარ კაკაბაძე: „მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტთან არ გვითამაშია, გიბრალტართან სტადიონი თითქმის გაივსო. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ ჩამოსული გულშემატკივრები გავახაროთ. მათი გვერდში დგომა მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრებში მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდება“.

ბუდუ ზივზივაძე: „ნაკრებში კარგი განწყობაა, რადგან გიბრალტართან პირველი შეხვედრა მოვიგეთ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ვფიქრობ, რომ ეს ხვალინდელ შეხვედრაზე დადებითად აისახება. ბულგარეთი კარგი გუნდი და ჩვენთვის უხერხული მეტოქეა. რთულ შეხვედრას ველოდებით და ვფიქრობ, რომ თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, სასურველი შედეგის მიღწევას შევძლებთ“.

უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფის მატჩი ბულგარეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის 5 ივნისს (კვირას) 22:45 საათზე რაზგრადის „ლუდოგორეც არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).