ბუდუ ზივზივაძე ტორპედოს უბრუნდება - კლუბი მოლაპარაკებას ადასტურებს
ბუდუ ზივზივაძე ტორპედოს უბრუნდება - კლუბი მოლაპარაკებას ადასტურებს

დიდი ალბათობით, ბუდუ ზივზივაძე ქუთაისის ტორპედოში დაბრუნდება. თავდამსხმელი ქუთაისშია და ტორპედოსა და ლანჩხუთის გურიას ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო.

ქუთაისურ კლუბში პირველ არხს დაუდასტურეს, რომ 24 წლის თავდამსხმელთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა.

ზივზივაძე ეროვნული საფეხბურთო ლიგის დასრულებულ სეზონში, გიორგი გაბედავასთან ერთად, 22 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, დეკემბერში კი დინამსოთან იჯარა დაუსრულდა – მისი ტრანსფერი დანიურ ესბიერგს ეკუთვნის, რომელმაც შარშან თბილისურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გამოუშვა.
რადგან ესბიერგის მწვრთნელს 24 წლის ქართველი თავდამსხმელის დაბრუნების სურვილი არც ახლა გააჩნია, ბუდუ ზივზივაძეს ისევ საქართველოში თამაში სურს.

სხვათა შორის, შარშან ამ დროს ზივზივაძეს ტორპედოში ელოდნენ, მაგრამ თავდამსხმელი თბილისის დინამოში აღმოჩნდა. ბუდუ ზივზივაძე 2012-14 წლებში დინამოს დუბლშემადგენლობისა და მთავარი გუნდის წევრი იყო. მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. ამის შემდეგ იყო ქუთაისური კლუბი, სადაც 2015 წელს გამოდიოდა. ყველაზე წარმატებული სეზონი სამტრედიაში ჩაატარა, სადაც 2016 წელს საქართველოს ლიგის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა და ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს.