ბუდუ ზივზივაძე - ქართველის მოყვანა რომ სურდეთ, აუცილებლად მეცოდინებოდა
ბუდუ ზივზივაძე - ქართველის მოყვანა რომ სურდეთ, აუცილებლად მეცოდინებოდა

ბუდუ ზივზივაძისთვის უცნობია, მის გუნდი, „მეზოკოვეშდი“ რომელ ქართველ ფეხბურთელს იმატებს. უნგრული გამოცემის (csakfoci.hu) ინფორმაცია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, თბილისის „დინამოს“ ფლანგის თავდამსხმელი აკაკი შულაია უნგრეთის მთავარი საფეხბურთო ლიგის „მეზოკოვეშდში“ ითამაშებდა, არასწორი გამოდგა.

„ზამთარში გუნდში თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ლევან კუტალიას დამატება სურდათ. მაგრამ ლევანი ყაზახურ „ირტიშში“ წავიდა. ახლა კი არ ვიცი, ვისზეა ლაპარაკი. შულაიას ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ არავინ დაკავშირებია. საერთოდ, ქართველით რომ იყვნენ დაინტერესებული, მწვრთნელი აუცილებლად მეტყოდა“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

უნგრეთში გუნდებმა სეზონის განახლება გადაწყვიტეს და ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობენ. „მეზოკოვეშდის“ თავდამსხმელის თქმით, ქვეყანაში შეზღუდვები თითქმის მოხსნეს: „აქ თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნეს. სიფრთხილეს მხოლოდ დახურულ სივრცეში იცავენ, პირბადის გარეშე ვერც მაღაზიაში ვერ შეხვალ და ვერც ერთ დახურულ ობიექტში. თუმცა, ქვეყანა ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება“.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე „მეზოკოვეშდში“ 2019 წლიდან გამოდის და უნგრეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია. „მეზოკოვეშდი“ 25 ტურის შემდეგ, 45 ქულით უნგრეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასვლის რეალური შანსი გააჩნია.

დატოვე კომენტარი