ბუდუ ზივზივაძე - ნაკრების შეკრება ჩავარდა, შეცდომები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და ხელი სხვისკენ არ გავიშვიროთ #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - ნაკრების შეკრება ჩავარდა, შეცდომები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და ხელი სხვისკენ არ გავიშვიროთ #1TVSPORT

ნორვეგიასთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში (1:2) ერთადერთი გოლის ავტორმა, „კარლსრუეს“ თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს ნაკრების წაგებების მიზეზებზე ღიად ისაუბრა და გარკვევით თქვა, რომ ფეხბურთელებს სათანადოდ მომზადება დააკლდათ.

„ნაკრებში თამაში, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ წუთს ითამაშებ, ყოველთვის სასიხარულო და საამაყოა. დღევანდელ გოლს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იყო და ანგარიშიდან გამომდინარე, არ გვეყო. ჩვენმა მწვრთნელმა სწორად აღნიშნა, რომ (ესპანეთთან) წინა თამაში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი იყო.

ნორვეგიასთან კი იყო რაღაც პოზიტივები. თუმცა, ვფიქრობ, დაგვიანებული გახლდათ, რადგან პირველ ტაიმში უკვე 2:0 ვაგებდით. ბოლო ათი წუთი მოვინდომეთ და კარგად ვითამაშეთ. შანსი ბოლო შეტევაზე, ბოლო წამზეც გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა.

ამ შეკრებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ნაკრებისთვის ის ჩავარდა. გუნდის წევრებს ძალიან ბევრი მოგვეთხოვება, მათ შორის, მეც. გუნდში არ მაქვს ბევრი სათამაშო დრო და ამაზე უნდა ვიმუშაო და მეტი ვითამაშო, რათა შემდეგ ნაკრებში ძირითადიდან დავიწყო.

ყველა ფეხბურთელს, ჩემს თანაგუნდელებს მოვუწოდებ, რომ იმუშაონ თავიანთ თავზე, შეცდომები საკუთარ თავში ეძებონ და ხელი სხვისკენ არ გაიშვირონ. ვფიქრობ, უკეთ თამაში შეგვიძლია და გვმართებს. ამიტომ უნდა მოვემზადოთ და ჩვენს თავში ვიპოვოთ ძალა და ვიპოვოთ შეცდომები, რომ შემდეგ შეკრებებზე საქმე გამოვასწოროთ, რის გამოც ამ დღეში აღმოვჩნდით“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.