ბუდუ ზივზივაძე - იმედია, თამაშს და შრომას ნაკრების ახალი მწვრთნელი დააფასებს
ბუდუ ზივზივაძე - იმედია, თამაშს და შრომას ნაკრების ახალი მწვრთნელი დააფასებს

ფეჰერვარის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ სტუმრად „უიპეშტთან“ მოგებულ (5:0) მატჩში გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და კიდევ ერთ გოლში მონაწილეობდა.

26 წლის ფორვარდს კარგი გამოსვლა გამოცემა csakfoci-მა დაუფასა და უნგრეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. მან წარმატებულ თამაშზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

„სეზონისთვის კარგად მოვემზადეთ, რაც ჩემს თამაშს დაეტყო. ვცდილობ, რომ მეტი წარმატებით ვითამაშო და გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარო. ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად არ დამასახელეს, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, 11 საუკეთესოს შორის შენ რომ გამოგარჩევენ. საპატიოც არის და სახიარულოც,“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბუდუ ზივზივაძე.

ქართველმა თავდამსხმელმა „ფეჰერვარის“ ფორმით მიმდინარე სეზონში 15 ტურში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ზივზივაძე არ მალავს, რომ მიზნად უნგრეთის ჩემპიონატის ბომბარდირობა დაისახა:

„მაქვს ამბიცია, რომ სტატისტიკა გავაუმჯობესო – ძალიან გამიხარდება, სეზონის ბოლოს ბომბარდირი გავხდე. პირველ ადგილზე მყოფი ხომ მხოლოდ 4 გოლით მისწრებს და მისი დაწევა წარმოუდგენელი ნამდვილად არაა“.

ზივზივაძე იმედოვნებს, რომ შედეგიან თამაშს საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი მაინც დაუფასებს:

„იმედი მაქვს, ვინც არ უნდა დანიშნონ ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ჩემს თამაშს და შრომას დააფასებს და მომეცემა შანსი, რომ ნაკრებშიც ვითამაშო და ქვეყანა ვასახელო“.