ბუდუ ზივზივაძე - ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით, ბავშვობის ოცნება ამიხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით, ბავშვობის ოცნება ამიხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ქალაქ ზენიცაში გამართული ამხანაგური შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო და 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო. გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 49-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა – 28 წლის ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა, საქართველოს ნაკრებმა კი ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

მოგებულ შეხვედრაზე კომენტარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა, რომელმაც მეტოქის მოტივაციასა და წლის გამარჯვებით დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რთული თამაში იყო. ბოსნია-ჰერცეგოვინა კარგი გუნდია. საკუთარი მაყურებლის წინაშე გამარჯვების მოპოვება სურდათ. ვფიქრობ, დაცვით ფაზაში ჩვენმა გუნდმა კარგად იმუშავა. განსაკუთრებით მცველებმა და მეკარემ. გოლი არ გავუშვიათ, რაც ძალიან კარგია. წლის პირველ შეხვედრაში გამარჯვებით გახარებულები ვართ“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლით ემოცია ვერც მოედანზე და ვერც მატჩის შემდგომ კომენტარში დამალა.

„ძალიან ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით. ბავშვობის ოცნება ამიხდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიგო. თუმცა, ყოველთვის მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო და დავეხმარო გუნდს, იქნება ეს გოლი, თუ უბრალოდ კარგი თამაში. გოლის ეპიზოდში კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა, კარგი პასი მომცა და ისღა დამრჩენოდა, რომ გოლი გამეტანა“.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები 29 მარტს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთის ნაკრებს ტირანაში ესტუმრება.