ბუდუ ზივზივაძე - ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭებთან ერთად საქართველოსთვის წარმატება მოგვაქვს [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭებთან ერთად საქართველოსთვის წარმატება მოგვაქვს [ვიდეო] #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან 3:0 გამარჯვებასთან დაკავშირებით კომენტარი პირველი გოლის ავტორმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა:

„ველოდებოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. პირველ ტაიმში ასეც მოხდა. ვერ შევძელით, რომ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. საკუთარ თავში ძალა ვერ ვიპოვეთ. თუმცა, მეორე ნახევარში შესვენების შემდეგ ყველაფერი დავალაგეთ. ეს ანგარიშზეც აისახა“, – ამბობს ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სკოპიეში ჩასულ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უშუალო კონკურენტთან მოვიგეთ, მით უმეტეს, ასეთი სხვაობით. თუმცა, თამაშის წინ არაფერი მიანიშნებდა, რომ ასეთი ანგარიშით გავიმარჯვებდით. ეს ჩვენ გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს. მივულოცავ საქართველოს და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი თამაში ჩავატარე ეროვნულ ნაკრებში და ამ ბიჭებთან ერთად საქართველოსთვის წარმატება მომაქვს“.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს ნაკრებში ორი მატჩი ჩაატარა, ორივე სტუმრად და ორივეჯერ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა – ბულგარეთის კარი რაზგრადში 1:2-ზე აიღო, ხოლო სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიელებთან ანგარიში გახსნა.