ბუდაპეშტში გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა - ტურნირზე ხვალ სამი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ბუდაპეშტში გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა - ტურნირზე ხვალ სამი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ხვალ სტარსტ აიღებს გრანდ სლემი ძიუდოში, რომელიც 8-10 ივლისს გაიმართება. ტურნირზე 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მონაწილეობს.

რვა ივლისს გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სამი ძიუდოისტი იასპარეზებს.

60 კგ წონით კატეგორიაში მედლისთვის ორი სპორტსმენი იბრძოლებს: მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი – ლიორ რაფაილოვი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი მოლდოველ – ალექსანდრუ ტირსინას შეხვდება.

ხვალ გრანდ სლემზე გამომსვლელი მეორე ძიუდოისტი თემურ ნოზაძე, ჩხვიმიანის მსგავსად განთესილი იქნება და მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ნოზაძე პირველ დაპირისპირებაში ბრიტანეთის წარმომადგენელ – დილან მუნროს შეხვდება. ბრიტანელთან წარმატების შემთხვევაში კი ნოზაძის მეტოქე, ჩეხ – დავიდ პულკრაბეკსა და უნგრელ – მარტონ ანდრასს შორის გამარჯვებული იქნება.

ორივე ქართველის კარგად გამოსვლის შემთხვევაში ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართულ ნახევარფინალს ვიხილავთ.

66 კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს – ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი.

მარგველაშვილიც სხვა ქართველების მსგავსად განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, პოლონელ – პატრიკ ვავრიჩეკსა და ბრიტანელ – გრეგ უორის შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ ვაჟა იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონს – ჰიფუმი აბეს ფინალამდე არ შეხვდება.

ხვალ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი – 19:00 საათზე გაიმართება.