ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა
ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი ბიუროს ჟურნალისტებს სომხეთის პრემიერმა განუცხადა.

„ვერც ერთი კონფლიქტის გადაჭრა ვერ მოხერხდება, თუ ორიენტირებული ხარ მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებზე; ამიტომ, მიმაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას აზერბაიჯანის პოზიცია წარმოადგენს, რომელიც უარს ამბობს, ყარაბაღს ესაუბროს. სიმართლე შემდეგია – ამ კონფლიქტს სამი მხარე ჰყავს, ესენია აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი და სომხეთი. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, გქონდეს მოლაპარაკებების შესაბამისი ჩარჩო, თუ კონფლიქტის გადაჭრა გსურს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მისი შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა ნიკოლ ფაშინიანს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის სახელით გამართულ სადილს დაესწრნენ, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა.