ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

კვლავ მოვუწოდებთ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“, – აცხადებს გიორგი გახარია, რომელიც ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.