ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საბჭოს სამიტის მთავარი თემა ბრექსიტი იქნება
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საბჭოს სამიტის მთავარი თემა ბრექსიტი იქნება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება, რომლის მთავარი თემა ბრექსიტია. თუმცა, დღის წესრიგში დგას ისეთი საკითხებიც, როგორიცაა ჩინეთთან ურთიერთობები, ეკონომიკა და კლიმატური ცვლილებები.

სხდომა საღამოს დაიწყება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუსმენს, რომელიც ბრექსიტის გადავადების მიზეზებზე ისაუბრებს. შემდეგ კი, საბჭო ბრექსიტის თარიღის გადავადების ხანგრძლივობაზე იმსჯელებს.

თუმცა, ევროკავშირის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილება იქამდე არ არის მოსალოდნელი, ვიდრე მომდევნო კვირას დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმებაზე დაგეგმილი მორიგი კენჭისყრის შედეგები არ გახდება ცნობილი.

სამუშაო ვახშამზე ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ლიდერი ჩინეთთან თავდაცვითი სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელებს. ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ჩინეთი ევროპულ ბაზარზე დაუბრკოლებელი წვდომით სარგებლობს, თუმცა პეკინი ვერ პასუხობს ევროკავშირს ადეკვატურად.

ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი იურკი კატაინენი გაერთიანების ეკონომიკას „სრულიად ღიად“ აფასებს იმ დროს, როდესაც „ჩინეთი ასე არ არის და ეს მრავალს კითხვას ბადებს“ .

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უახლოეს დღეებში საფრანგეთსა და იტალიაში ტურნეს იწყებს. ის იტალიასთან ურთიერთობებში ახალ ერას აანონსებს. როგორც მოსალოდნელია, მხარეები რომში ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.