ბრიუსელში ​კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ბრიუსელში ​კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია ბრიუსელში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ფეიერვერკები ესროლეს, პოლიციამ კი მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

თავდაპირველად, რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა ბელგიის დედაქალაქის ცენტრში მშვიდობიანი აქცია მოაწყო, შემდეგ კი იმ უბანში გადაინაცვლა, სადაც ევროკავშირის ინსტიტუტები არის განთავსებული. ევროკავშირის კვარტალში აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს.

აქციის მონაწილეები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კოვიდპასპორტის შემოღებას აპროტესტებდნენ, რომელთა წარდგენა რესტორნებსა და ბარებში შესვლისას არის სავალდებულო. დემონსტრანტების განცხადებით, ვაქცინაციის საშვი დისკრიმინაციულია, რასაც სავალდებულო აცრები მოჰყვება.