ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მამარდაშვილის შეძენა პრემიერლიგის გრანდებს სურთ - ტრანსფერით „ვალენსია“ თავადაა დაინტერესებული #1TVSPORT
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მამარდაშვილის შეძენა პრემიერლიგის გრანდებს სურთ - ტრანსფერით „ვალენსია“ თავადაა დაინტერესებული #1TVSPORT

ბრიტანული გამოცემა „სანი“ ამტკიცებს, რომ „ვალენსიის“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებული.

„შესაძლოა, ეს სამი გუნდი ზაფხულში, შესაბამისად, დავიდ დე ხეამ, ედუარ მენდიმ და უგო ლორისმა დატოვონ. გიორგი მამარდაშვილის აგენტი ლევან სეთურიძე ლონდონში იმყოფებოდა და ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

მამარდაშვილი ლა ლიგაში ადგილის დამკვიდრების შემდეგ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მეკარე გახდა. 22 წლის ქართველის წარმომადგენელმა სამ კლუბთან („მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“) ზაფხულის სატრანსფერო ამბების დეტალები განიხილა.

თუმცა, ესპანური კლუბიდან წასვლა ადვილი არ იქნება და მსურველებს სოლიდური თანხის დახარჯვა მოუწევთ. გიორგიმ „ვალენსიასთან“ ახალ კონტრაქტს ხელი სექტემბერში მოაწერა, რომელშიც მის გამოსასყიდ თანხად 87.5 მილიონი გირვანქა  სტერლინგია მითითებული. თუ „ვალენსია“ ამ პუნქტს აამოქმედებს, მამარდაშვილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდება და გადაასწრებს „ჩელსის“ ამჟამინდელ გოლკიპერს, კეპა არისაბალაგას, რომელიც 2018 წელს ლონდონელებმა 72 მილიონ გირვანქად შეიძინეს“, – ნათქვამია სტატიაში.

საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ვალენსია“ თავად არის დაინტერესებული, რომ 22 წლის ქართველი მეკარე გაყიდოს და მის საფასურად სოლიდური შემოსავალი მიიღოს. აქედან გამომდინარე, ზაფხულში მამარდაშვილის „ვალენსიიდან“ წასვლა რეალურია.