ბრიტანული მედია ბაქოში ჩატარებულ ფინალს აკრიტიკებს
ბრიტანული მედია ბაქოში ჩატარებულ ფინალს აკრიტიკებს

„ფინალი ბაქოში: შორს მოედნიდან და ხანგრძლივი გზა სახლიდან“ – ასე ეწოდება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩატარებულ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს უპირატესად უარყოფითად ეხმაურება.

„მომავალში, როდესაც „უეფა“ (UEFA) გადამწყვეტი მატჩის ჩატარების ადგილზე იმსჯელებს, შეუძლია მთვარის ვარიანტიც გაინიხილოს“, – ნათქვამია სტატიაში, თუმცა ბაქოს გეოგრაფიული სიშორე და რთულად მისადგომი მდებარეობა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელსაც ბრიტანელი ჟურნალისტი აკრიტიკებს.

„სიტუაცია მაშინ გამოსწორდა, როდესაც ედენ აზარმა მატჩზე საკუთარი კვალის დატოვება გადაწყვიტა, მანამდე კი ყველაფერი მკრთალი და უცნაურად სიურრეალისტური იყო“, – წერს ჟურნალისტი, – „სტადიონზე მყოფი ხალხი, ისევე როგორც ტელევიზორთან მსხდარნი, რომლებსაც უკიდურესად შორეული კუთხით შესთავაზეს გამოსახულება, მოწმე გახდა მატჩისა, რომელიც უფრო პრემიერლიგის სეზონისწინა მოთელვას ჰგავდა. უკანა პლანზე ცარიელი ადგილებიც მოჩანდა. ფეხბურთელებს ნაცნობი სახეები ჰქონდათ, მაგრამ ისინი უცნაურად უცხო გარემოში თამაშობდნენ – სახლიდან ძალიან შორს. დაუვიწყარი ფინალი იყო ნამდვილად, ოღონდ მხოლოდ უარყოფითი მიზეზების გამო“.

სტატიაში ისიც არის ხაზგასმული, რომ ბაქო მიუწვდომელი ადგილი ყველასთვის არ ყოფილა, რადგან რამდენიმე ქართველ გულშემატკივარს სულ რაღაც 5 ფუნტი დაუჯდა, რათა საზღვარი ავტობუსით გადაელახა.

„ყველა მათგანი ქებას იმსახურებს მონდომებისთვის“, – აცხადებს ჟურნალისტი.

სტატიის ბოლოს კი იმასაც შეგვახსენებენ, რომ ბაქო 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იქნება.

„უარყოფითი გამოხმაურება, როგორც ჩანს, „უეფას“ ხელს არ შეუძლის, რომ ბაქო მომავალშიც გამოიყენოს დიდ სპორტულ დანიშნულების ადგილად. დიდი ფეხბურთი აქ მომავალი წლის ზაფხულში დაბრუნდება, როდესაც აზერბაიჯანის დედაქალაქი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს. თუ მათზე დასწრებას განიზრახავთ, გირჩევთ, თვითმფრინავის ბილეთები ახლავე დაჯავშნოთ“, – ნათქვამია სტატიაში.