ბრიტანული გამოცემა კვარაცხელიას „ნიუკასლში“ გადასვლაზე წერს - ტრანსფერის ერთ-ერთი წინაპირობა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა #1TVSPORT
ბრიტანული გამოცემა კვარაცხელიას „ნიუკასლში“ გადასვლაზე წერს - ტრანსფერის ერთ-ერთი წინაპირობა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა #1TVSPORT

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის განცხადების მიუხედავად, თითქოს კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს არ გეგმავს, ვებგვერდი givemesport.com-ი ამტკიცებს, რომ „ნიუკასლი“ ზაფხულში ქართველი თავდამსხმელის გადაბირებას შეეცდება.

მომავალ სეზონში „ნიუკასლის“ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს, – განაცხადა ჟურნალისტმა დინ ჯონსმა GiveMeSport-თან ინტერვიუში.

„ნაპოლიში“ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ 21 წლის ქართველი ფეხბურთელის სახელი „ნიუკასლს“ დაუკავშირეს. იტალიურმა კლუბმა კვარაცხელია ივლისში, ბათუმის „დინამოდან“ სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველი ვარსკვლავი მაშინვე გულშემატკივართა ფავორიტი გახდა.

იტალიელებს სურთ, კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი გაუფორმონ, სადაც მის გამოსასყიდ თანხად 65 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჩაიწერება, თუმცა, რეალურად, ფეხბურთელის ფასი 50 მილიონია.

ქართველი ვარსკვლავით ევროპული გრანდები – მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ დაინტერესდნენ, რაც „ნიუკასლში“ მის გადასვლას ნაკლებად სავარაუდოს ხდის. დინ ჯონსმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას „ნიუკასლში“ გადასვლაზე გავლენას გუნდის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა მოახდენს.

იანვარში კვარაცხელიას „ნიუკასლში“ ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ადგილს მოიპოვებს, მის მფლობელს, საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდს, მომავალ ზაფხულს შანსი ექნება, ქართველთან კონტრაქტი გააფორმოს“, – წერს givemesport-ი.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას თამაშზე აზრი „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტმა რორი სმიტმაც გამოთქვა: „სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაში იყო, „ნაპოლის“ მაისურით 17 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. მისი თამაშის ცქერა ძალიან მსიამოვნებს. შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, ენერგიულია, მოედანზე არაორდინალურ გადაწყვეტილებებს იღებს და ძალიან სახალისო გარემოს ქნის“.