ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ბოლო კვირებში მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები გაათავისუფლა
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ბოლო კვირებში მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები გაათავისუფლა

რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში ის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები გაათავისუფლა, რომლებიც სავარაუდოდ უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპებს ცუდად ასრულებდნენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია მითითებული.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც პირველ საგვარდიო სატანკო არმიას ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ვერ დაიკავა ხარკოვი.​ ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მეთაურობდა, სავარაუდოდ თანამდებობიდან გაათავისუფლეს აპრილში კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვის გამო. რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ პოსტზე რჩება, მაგრამ უცნობია, ინარჩუნებს თუ არა იგი პრეზიდენტ პუტინის ნდობას.

„რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემაში სავარაუდოდ „განტევების ვაცის ძიებისა და დამალვის კულტურაა“ გავრცელებული. ბევრი ოფიციალური პირი, რომელიც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდა, სავარაუდოდ სულ უფრო მეტად ცდილობს, თავიდან აირიდოს პირადი ბრალი რუსეთის საოპერაციო წარუმატებლობაში. ეს სავარაუდოდ დამატებითი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს რუსეთის ცენტრალიზებულ სამეთაურო და კონტროლის მოდელს, რადგან ოფიცრები სულ უფრო მეტად ცდილობენ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების სიმძიმე ზემდგომებზე გადაიტანონ. ამ პირობებში, რუსეთს ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება“, – ნათქვამია სადაზვერვო მიმოხილვაში.