ბრიტანეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდა
ბრიტანეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდა

ბრიტანეთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შეზღუდვების მოხსნა შეეხო ინგლისს, უელსსა და შოტლანდიის დიდ ნაწილს. ასევე, გაუქმდა უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვა და ახალი წესებით შეიცვალა.

ინგლისში მოქალაქეებისთვის დახურულ სივრცეში ექვსამდე ადამიანის შეკრება არის შესაძლებელი, ღია სივრცეში კი 30 ადამიანის. ლუდხანებს, ბარებსა და რესტორნებს შეუძლიათ, მომხმარებლებს შენობაში მოემსახურონ. შესაძლებელია მუზეუმების, კინოთეატრების, ბავშვების სათამაშო მოედნების, თეატრების, საკონცერტო დარბაზებისა და სპორტული სტადიონების გახსნა, ისევე როგორც სასტუმროების.

შოტლანდიაში, ბარებსა და რესტორნებში ალკოჰოლის მიღება საღამოს 22:30 საათამდე იქნება შესაძლებელი. გასართობი ადგილები, როგორებიცაა კინოთეატრები და თეატრები გაიხსნება და დახურულ ღონისძიებებზე 100-მდე ადამიანი იქნება დაშვებული.

უელსში ლუდხანები და რესტორნები შიდა სივრცეებს გახსნიან. ასევე, მუშაობის უფლება მისცეს კინოთეატრებს, მუზეუმებს, გალერეებსა და თეატრებს.

ჩრდილოეთ ირლანდია შემზღუდველ ზომებთან დაკავშირებულ საკითხს 20 მაისს განიხილავს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მოქალაქეებმა ტესტირება კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტარონ.