ბრიტანეთში დაიწყეს პასპორტების გაცემა, რომელთაც „ევროკავშირი“ აღარ აწერია
ბრიტანეთში დაიწყეს პასპორტების გაცემა, რომელთაც „ევროკავშირი“ აღარ აწერია

ბრიტანეთში ახალი პასპორტების გაცემა დაიწყეს, რომელთა ყდაზე აღარ არის წარწერა „ევროკავშირი“. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, პასპორტის ახალი დიზაინის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო ის ფაქტი, რომ დიდ ბრიტანეთს 29 მარტს ევროკავშირი უნდა დაეტოვებინა.

ახალი დიზაინის ყდებიანი პასპორტების გაცემა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 30 მარტიდან დაიწყო. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა ოფისში განაცხადეს, პასპორტის დიზაინის ცვლილება ორ ეტაპად განხორციელდება.

უწყების ცნობით, 2019 წლის ბოლოს ქვეყანა წითელყდიანი პასპორტების ნაცვლად, ლურჯყდიანი პასპორტების გაცემას დაიწყებს. ლურჯი ფერის პასპორტს ბრიტანელები დაახლოებით 100 წლის წინ იყენებდნენ.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდამავალ პერიოდში მიმოქცევაში იქნება ორივე დიზაინის პასპორტი, თუმცა მოქალაქე თავად ვერ აირჩევს პასპორტის ვიზუალს.