გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ბრექსიტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეებს შეთანხმება ორ მთავარ საკითხზე სჭირდებოდათ. პირველი – ბრექსიტის შესახებ დოკუმენტში შესულიყო მექანიზმი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის ფიზიკური საზღვრის გაჩენას აირიდებდა თავიდან, შეინარჩუნებდა საერთო ირლანდიურ ეკონომიკას და დაიცავდა ევროკავშირის ერთიან ბაზარს. მეორე – მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ჩრდილოეთ ირლანდია დარჩენილიყო გაერთიანებული სამეფოს საბაჟო სივრცის ფარგლებში.
ახალი შეთანხმება
შეთანხმების დიდი ნაწილი უცვლელი დარჩა. დოკუმენტში განხორციელებული ძირითადი ცვლილებები კი ჩრდილოეთ ირლანდიას ეხება.
• გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის მოქმედ ნორმებს 2020 წლის ბოლომდე დაექვემდებარება, საჭიროების შემთხვევაში კი უფრო ხანგრძლივადაც, რათა მეწარმეებს მიეცეთ ცვლილებებთან ადაპტირების შესაძლებლობა;
• გაერთიანებული სამეფო მაინც გადაიხდის ევროკავშირიდან გასვლის საფასურს. საუბარია დაახლოებით 33 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე;
• გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებები და ევროკავშირში მცხოვრები ბრიტანელების უფლებები გარანტირებული იქნება.
რა შეიცვალა?
• ჩრდილოეთ ირლანდიას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა ექნება;
• ე.წ. ბექსტოპს, სადავო სათადარიგო გეგმას შეთანხმებიდან ამოიღებენ;
• ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს საბაჟო სივრცეში დარჩება და მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერ მომავალ სავაჭრო შეთანხმებაში, რომელიც ბრექსიტის შემდეგ გაფორმდება;
• ჩრდილოეთ ირლანდია დარჩება ევროკავშირის საბაჟო ზონის ერთგვარ კარიბჭედ. გაერთიანებული სამეფო ჩრდილოეთ ირლანდიაში შეტანილ პროდუქტებს ტარიფებს არ დაუწესებს, თუკი ისინი საზღვარზე შემდგომ ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება;
• ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომისია გადაწყვეტს, რომელი საქონელი შეიძლება მოხვდეს საერთო ბაზარზე და გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის სასარგებლოდ, მათ საბაჟო გადასახადს დააკისრებს;
• ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ორგანო ოთხ წელიწადში ერთხელ კენჭს უყრის, დარჩეს თუ არა ძალაში ახალი სავაჭრო წესები.
აღნიშნული შეთანხმება 17-18 ოქტომბერს ჯერ ევროკავშირის სამიტზე უნდა დაამტკიცონ, შემდეგ კი, 19 ოქტომბერს საგანგებო სხდომაზე დოკუმენტს კენჭი უნდა უყაროს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ.