ბრიტანეთმა და ესპანეთმა ბრექსიტის მოლაპარაკებებში გიბრალტართან დაკავშირებით კომპრომისს ვერ მიაღწიეს
ბრიტანეთმა და ესპანეთმა ბრექსიტის მოლაპარაკებებში გიბრალტართან დაკავშირებით კომპრომისს ვერ მიაღწიეს

დიდმა ბრიტანეთმა და ესპანეთმა ბრექსიტის მოლაპარაკებებში გიბრალტართან დაკავშირებით კომპრომისს ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ევროკომისია ოფიციალურ ლონდონსა და მადრიდს შორის მიმდინარე კონსულტაციებში შუამავლის როლს ასრულებს. გარკვეულ კომპრომისს მხარეებმა ამ დრომდე ვერ მიაღწიეს, თუმცა კონსულტაციების შეფერხების მიუხედავად, 25 ნოემბერს დაგეგმილი საგანგებო სამიტი მაინც გაიმართება.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მადრიდმა შესაძლოა, „ბრექსიტის“ შეთანხმების გეგმა დაბლოკოს.

„ტერეზა მეისთან საუბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორს არის. ჩემი მთავრობა ყოველთვის დაიცავს ესპანეთის ინტერესებს. თუ ცვლილება არ იქნება, ჩვენ „ბრექსიტის“ შეთანხმების გეგმას დავბლოკავთ“,- განაცხადა პედრო სანჩესმა მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით ცოტა ხნის წინ.