ბრიტანეთის საშინაო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ არალეგალური მიგრაცია ქვეყანას ანადგურებს და აუცილებელია, ბრიტანეთმა საიმიგრაციო პოლიტიკა შეცვალოს
გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი შაბანა მაჰმუდი აცხადებს, რომ აუცილებელია, ქვეყანამ საიმიგრაციო პოლიტიკა შეცვალოს.
„ბიბისისთან“ ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ არალეგალური მიგრაცია ქვეყანას ანადგურებს.
მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში გაერთიანებულ სამეფოში არასამართლიანი პირობებია შექმნილი და ზოგჯერ თავშესაფრის მაძიებელს უკეთეს პირობებს სთავაზობენ, ვიდრე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს.
„ვიცი, რომ არალეგალური მიგრაცია უზარმაზარ განხეთქილებას იწვევს ჩვენს ქვეყანაში და მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, თუ გვსურს, საზოგადოების თანხმობა შევინარჩუნოთ თავშესაფრის სისტემის არსებობაზე. ეს ჩემთვის მორალური მისიაა, რადგან ვხედავ, რომ არალეგალური მიგრაცია ანადგურებს ჩვენს ქვეყანას. ხალხს შეუძლია, დაინახოს უზარმაზარი ზეწოლა საკუთარ თემებში და ასევე სისტემა, რომელიც არ მუშაობს და სადაც ადამიანებს შეუძლიათ წესების დარღვევა, სისტემის ბოროტად გამოყენება და დაუსჯელად თავის დაღწევა“, – თქვა შაბანა მაჰმუდმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობა თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე მასშტაბურ რეფორმას იწყებს.
რეფორმის ფარგლებში თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსი დროებითი გახდება, ხოლო მუდმივ საფუძველზე ქვეყანაში დარჩენის მსურველთათვის ვადა გაოთხმაგდება და 20 წლამდე გაიზრდება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ შთაგონებას დანიის მიდგომიდან იღებენ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია.
რეფორმის ფარგლებში გაუქმდება კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებდა თავშესაფრის მაძიებლებისთვის გარკვეულ მხარდაჭერას, მათ შორის საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ყოველკვირეული შემწეობის გადახდას.