ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინასთან მშვიდობის მიღწევის სურვილს ვერ ხედავს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინასთან მშვიდობის მიღწევის სურვილს ვერ ხედავს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინასთან მშვიდობის მიღწევის სურვილს ვერ ხედავს.

„ჩვენ მოლაპარაკებების პროცესთან ახლოსაც კი არ მივსულვართ. როდესაც ვუსმენ რუსებს და იმას, რასაც ლავროვი ამბობს, ვერ ვხედავ რეალურ სურვილს მშვიდობის მისაღწევად. ეს მშვიდობა კი, შეიძლება, ხვალვე დადგეს – უბრალოდ უნდა დატოვონ უკრაინა და მისცენ ხალხს საშუალება, იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით და ჰქონდეთ საკუთარი სუვერენიტეტი“, – განაცხადა ლემიმ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო გამოთქვამს მზადყოფნას, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა.

„ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, გამოვყოთ სამი მილიარდი წელიწადში, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ეს არის ომი, რომელიც გრძელდება, იწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ გამანადგურებელ ომში. ამას წინ უნდა აღვუდგეთ და მოკავშირეებმა, სწორად მოაზროვნე ქვეყნებმა უნდა განაგრძონ წინააღმდეგობა“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

დეივიდ ლემიმ ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს როლს ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობებში.

„გაერთიანებული სამეფო განაგრძობს იმ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, რომელსაც ყოველთვის ასრულებდა, როგორც ხიდი ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ გვჯერა, რომ შეერთებული შტატები რჩება მნიშვნელოვან გარანტად ევროპის უსაფრთხოებისთვის“, – დასძინა ლემიმ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე.

„ეს კრიტიკული მომენტია. აუცილებელია, ევროპამ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები“, – დასძინა ლემიმ.