ბრიტანეთის პრემიერის ოფისის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონს განუცხადა, რომ მომდევნო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება
ბრიტანეთის პრემიერის ოფისის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონს განუცხადა, რომ მომდევნო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მომდევნო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.

თავის მხრივ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია, რათა უზრუნველყოს, რომ დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების თავდაცვითი დახმარებამ უკრაინამდე მიაღწიოს.

ბორის ჯონსონმა შეაქო უკრაინელი ხალხის სიმამაცე რუსეთის აგრესიის წინაშე და პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობა ასეთი სირთულეების წინაშე. დიდი ბრიტანეთის ლიდერის შეფასებით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა გმირულია. მან ასევე დაუდასტურა ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვოლოდიმირ ზელენსკიც ავრცელებს.

„ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას უსაფრთხოების აქტუალურ სიტუაციაზე. შევათანხმე მომდევნო საერთო ნაბიჯები აგრესორისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებაშია!“, – წერს ზელენსკი.