ბრიტანეთის პრემიერი ბრექსიტის შეთანხმებას თემთა პალატაში კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაიტანს
ბრიტანეთის პრემიერი ბრექსიტის შეთანხმებას თემთა პალატაში კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაიტანს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას თემთა პალატაში კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაიტანს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შეთანხმების კენჭისყრა 19 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო, თუმცა შეთანხმების ნაცვლად, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შესწორებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ ჯერ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის აუცილებელი კანონმდებლობა უნდა მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების კენჭისყრა.

ამის შემდეგ, ბორის ჯონსონმა, როგორც ამას კანონი ავალდებულებდა, ბრიუსელში წერილი გაგზავნა, რომლითაც ის ბრექსიტის გადავადებას ითხოვს. ბორის ჯონსონი წერილის ბოლოს განმარტავს, რატომ მიიჩნევს, რომ ბრექსიტის გადავადება შეცდომა იქნება.

მიუხედავად ბრიუსელში გაგზავნილი მოთხოვნისა, ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირს 31 ოქტომბერს მაინც დატოვებენ.