ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმების ცვლილებას მხარი დაუჭირა
ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმების ცვლილებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმების ცვლილებას დაუჭირა მხარი. გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების წინააღმდეგ გამოვიდნენ. თემთა პალატაში ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ უკვე არსებულ შეთანხმებაში ირლანდიასთან არსებული საზღვრის საკითხის შეცვლას ეცდებიან.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ევროკავშირი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განმარტებით, გაერთიანება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებას არ აპირებს. როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, უკვე არსებული შეთანხმება დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საუკეთესო ვარიანტია.

როგორც ცნობილია, ბრიტანელი კანონმდებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ირლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის რეგიონების საზღვარი დიდი ბრიტანეთის კომპეტენციაა და იქ ბრექსიტის შემდეგ სასაზღვრო კონტროლი არ უნდა გაჩნდეს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. 18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბრიუსელში 584-გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს. მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს.