ბრიტანეთის მთავრობა „ხისტი ბრექსიტის“ შემთხვევაში სატრანსპორტო ქაოსსა და მედიკამენტების დეფიციტს პროგნოზირებს
ბრიტანეთის მთავრობა „ხისტი ბრექსიტის“ შემთხვევაში სატრანსპორტო ქაოსსა და მედიკამენტების დეფიციტს პროგნოზირებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ე.წ. ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში სატრანსპორტო ქაოსსა და მედიკამენტების დეფიციტს პროგნოზირებს. ამის შესახებ ნათქვამია ხუთგვერდიან დოკუმენტში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, არათანმიმდევრული ბრექსიტის შემთხვევაში, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სამართალდამცავებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესში შეფერხებებია მოსალოდნელი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგნოზით, „ხისტი ბრექსიტის“ შემთხვევაში ლა მანშთან მოსალოდნელია საავტომობილო საცობი, რაც შეიძლება, სამ თვეს გაგრძელდეს. სატრანსპორტო ნაკადი კი 40-60 პროცენტით შემცირდება.

ასევე, პრობლემებია მოსალოდნელი იმპორტირებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წამლების მომარაგების შემთხვევაში დეფიციტი მაინც შეიქმნება, რადგან მედიკამენტების ნაწილის შენახვის ვადა საკმაოდ ხანმოკლეა.

შეფერხებული იქნება ახალი საკვები პროდუქტებისა და ზოგიერთი ვეტერინარული მედიკამენტების მიწოდებაც, რაც სუპერმარკეტებში ფასების ზრდას გამოიწვევს.

პირველ ეტაპზე დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას 29 მარტამდე გეგმავდა, თუმცა ბრექსიტის გეგმის შემუშავება ამ ვადაში ვერ მოხერხდა. აპრილში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ლონდონს ბრექსიტის ვადას 31 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივებენ.