ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ ბრექსიტთან დაკავშირებით განმეორებითი რეფერენდუმის გამართვის იდეას მხარი დაუჭირა
ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ ბრექსიტთან დაკავშირებით განმეორებითი რეფერენდუმის გამართვის იდეას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ ბრექსიტთან დაკავშირებით განმეორებითი რეფერენდუმის გამართვის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლეიბორისტები მზად არიან, გამოვიდნენ ინიციატივით ან მხარი დაუჭირონ განმეორებითი რეფერენდუმის დანიშვნას, რათა თავიდან აიცილონ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეთანხმების საფუძველზე დამანგრეველი ბრექსიტი.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ეცდება, დაარწმუნოს მთავრობა ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმაში.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკუთარი გეგმა ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს უნდა წარადგინოს. ლეიბორისტების მოთხოვნებს შორისაა – ევროპულ საბაჟო კავშირში დიდი ბრიტანეთის წევრობის შენარჩუნება, მჭიდრო კავშირი ევროკავშირის ერთიან ბაზართან, ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულების შენარჩუნება ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, განათლება, სამრეწველო რეგულირება.

თუ შესაბამის სამოქმედო გეგმას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, ლეიბორისტული პარტია განმეორებითი რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივით წარდგება.

ამავე დროს, ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიუსელში ბრექსიტის ორი წლით გადავადების გეგმას განიხილავენ. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გადავადების მომხრეთა შორის გამოცემა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ასახელებს. თავის მხრივ, ტერეზა მეი უარყოფს ბრექსიტის გადაწევის იდეას. მეის განცხადებით, 12 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმებას კვლავ უყრიან კენჭს.

გეგმის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ბრიტანეთის პარლამენტს ტერეზა მეის მთავრობასა და ბრიუსელს შორის ბრექსიტის პირობებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ჯერ კიდევ არ აქვს დამტკიცებული.