ბრიტანეთის გრანპრი სებასტიან ფეტელმა მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ბრიტანეთის გრანპრი სებასტიან ფეტელმა მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა ბრიტანეთის გრანპრიზე გაიმარჯვა და ფორმულა 1-ის 2018 წლის სეზონში მეოთხე, ხოლო კარიერაში 51-ე გრანპრი მოიგო.

“ფერარის” პილოტმა ლიდერობა სტარტიდანვე მოიპოვა და 33-ე წრემდე დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ უსაფრთხოების მანქანის რეჟიმისას შესრულებული პიტსტოპის შემდეგ, ის ტრასაზე ვალტერი ბოტასის უკან, მეორე პოზიციაზე დაბრუნდა.

რესტარტის შემდეგ, ფეტელი მთელი 10 წრე ავიწროებდა ფინელს და მხოლოდ ფინიშამდე ხუთი წრით ადრე, როცა ბოტასის მანქანაზე საბურავები თითქმის ბოლომდე გაცვდა, შეძლო წინ გასვლა და ბრიტანეთის გრანპრის მოგება – პირველად 2009 წლის შემდეგ. ფეტელი გაუთანაბრდა ალენ პროსტს კარიერაში მოგებების რაოდენობით. მასზე წინ მხოლოდ ლუის ჰემილტონი და მიხაელ შუმახერი არიან.

თავად ჰემილტონმა პირველ წრეზე მოსრიალების შემდეგ, ბრწყინვალე გარღვევა შეძლო. მან გადაწყვიტა უსაფრთხოების მანქანის რეჟიმისას, მეორე პიტსტოპზე არ წასულიყო, რითაც გაუსწრო კიმი რაიკონენს, მაქს ფერსტაპენსა და დანიელ რიკარდოს, ბოლო წრეებზე კი თანაგუნდელი ბოტასის ჩამოიტოვა უკან.

ბოტასს რაიკონენიც გაუსწორდა და ბოლო სამი კვირის განმავლობაში მესამე პოდიუმი მოიპოვა. ვალტერიმ კი, საბოლოოდ, მეოთხე ადგილი დაიკავა.
საერთო ჩათვლაში ფეტელმა რვა ქულამდე გაზარდა ჰემილტონთან უპირატესობა. მესამე ისევ რაიკონენია, მაგრამ პირველ პოზიციასთან ფინელი უკვე 55 ქულას აგებს. კონსტრუქტორთა თასზე “ფერარი” უკვე 20 ქულით უსწრებს “მერსედესს”.

შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ, გერმანიაში გაიმართება.