ბრიტანეთის გრან-პრი ლუის ჰემილტონმა მოიგო
ბრიტანეთის გრან-პრი ლუის ჰემილტონმა მოიგო

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა მოიგო საშინაო რბოლა სილვერტოუნის ტრასაზე, რითაც ფორმულა 1-ის 2019 წლის სეზონში მეშვიდე და კარიერაში საიუბილეო მე-80 გამარჯვება მოიპოვა.

ბრიტანელმა მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი და პირველ წრეებზე აქტიურად ებრძოდა პოულის მფლობელ ვალტერი ბოტასს. ერთხელ ლუისმა შეძლო კიდეც თანაგუნდელის გასწრება, მაგრამ ფინელმა იქვე დაიბრუნა ლიდერობა. რბოლაში გადამწყვეტი მომენტი გახდა უსაფრთხოების მანქანის გასვლა ტრასაზე, რაც მე-20 წრეზე ანტონიო ჯოვინაცის ავარიით იყო გამოწვეული. იმ დროისთვის, ბოტასი უკვე ნამყოფი იყო ბოქსებში, ლუისს კი ჯერ არ ჰქონდა გამოცვლილი საბურავები. სწორედ უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში პიტსტოპზე შესვლის წყალობით, ჰემილტონმა შეძლო წინ გასვლა.

ამასთან, ბოტასს კიდევ ერთი გაჩერება ელოდა ბოქსებში, რადგან “მედიუმის” საბურავებით მოძრაობდა, ჰემილტონი კი „ჰარდის“ საბურავებზე გადავიდა. ასე რომ, გამარჯვებისთვის ბრძოლა პრაქტიკულად დასრულებული იყო.

ლიდერობის მოპოვების შემდეგ, ჰემილტონი დამაჯერებლად აკონტროლებდა რბოლის მსვლელობას, ბოლო წრეზე კი ბონუსქულაც მოიპოვა, როცა ბოტასს წრეზე საუკეთესო დრო წაართვა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მეექვსედ მოიგო ბრიტანეთის გრან-პრი, რაც აბსოლუტური რეკორდია, „მერსედესმა“ კი ამ სეზონში მეშვიდე დუბლი შეასრულა.

საერთო ჩათვლაში ჰემილტონის უპირატესობა ბოტასზე 39 ქულამდე გაიზარდა.

შემდეგი ეტაპი – გერმანიის გრანპრი ჰოკენჰაიმში 28 ივლისს გაიმართება.