ბრიტანეთის დედოფალი პრინც ჰარისა და მისი მეუღლის საკითხზე „გარდამავალ პერიოდზე“ დათანხმდა
ბრიტანეთის დედოფალი პრინც ჰარისა და მისი მეუღლის საკითხზე „გარდამავალ პერიოდზე“ დათანხმდა

ბრიტანეთის დედოფალი პრინც ჰარისთან და მის მეუღლესთან, მეგან მარკლისთან დაკავშირებით „გარდამავალ პერიოდზე“ დათანხმდა. ელისაბედ მეორის განცხადებით, ამ პერიოდს სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია კანადაში და ბრიტანეთში გაატარებენ.

ბრიტანეთის მონარქის თქმით, სრულად უჭერს მხარს ჰარისა და მეგანის სურვილს, დაიწყონ ახალი ცხოვრება, თუმცა, სამეფო ოჯახის სურვილია, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახში თავიანთ როლს მუდმივად ასრულებდნენ. ბრიტანეთის დედოფალი იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

„ჩვენ პატივს ვცემთ და გვესმის მათი სურვილი, ჰქონდეთ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება, როგორც ოჯახს, თუმცა, დარჩნენ ჩემი ოჯახის ღირებულ წევრებად. ეს ჩემი ოჯახისთვის რთული საკითხია და ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი. მე ვთხოვე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში მიიღონ“, – აღნიშნულია ბრიტანეთის დედოფლის განცხადებაში.

მანამდე სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თქვეს, რომ სამეფო უფლებამოსილებების შესრულება აღარ სურთ და უარს ამბობენ ფინანსურ პრივილეგიებზე.