ბრიტანელი მილიარდერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენით ინტერესდება # 1TVSPORT
ბრიტანელი მილიარდერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენით ინტერესდება # 1TVSPORT

ბრიტანელი მილიარდერი, ქიმიური კომპანია Ineos-ის გენერალური დირექტორი სერ ჯიმ რეტკლიფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენით არის დაინტერესებული.

„თუ კლუბი იყიდება, ჯიმი, ნებისმიერ შემთხვევაში, პოტენციური მყიდველია. თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, ჩვენ დაინტერესებულნი ვიქნებით მოლაპარაკებებით მრავალწლიანი მფლობელობის მოსაპოვებლად.

ჯიმი ფიქრობს რა შეიძლება გაკეთდეს დღეს, რადგან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია კლუბი ქალაქისთვის. ყველა გრძნობს, რომ სიახლეების დრო მოვიდა“, – განუცხადა გაზეთ The Times-ს 69 წლის რეტკლიფის წარმომადგენელმა.

სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ რეტკლიფს ლონდონის „ჩელსის“ შეძენის უშედეგო მცდელობა ჰქონდა.

ინგლისურ კლუბს 2005 წლიდან ფლობს გლეიზერების ოჯახი, რომელთა მიმართ კრიტიკა ახალ სეზონში წარუმატებელი სტარტის შემდეგ გაძლიერდა. უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ გლეიზერების ოჯახი განიხილავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციათა მინორიტარული პაკეტის გაყიდვის შესაძლებლობას. გლეიზერებმა უკვე ჩაატარეს წინასწარი მოლაპარაკებები კლუბში ახალი ინვესტორის მოზიდვის მიზნით, ამასთან, ამერიკელი ბიზნესმენები არ არიან მზად დათმონ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ სრული კონტროლი.

„იუნაიტედის“ ღირებულება 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.