ბრექსიტის მომხრეებმა ლონდონში აქცია გამართეს
ბრექსიტის მომხრეებმა ლონდონში აქცია გამართეს

ბრიტანეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან ბრექსიტის მომხრეების აქცია გაიმართა. აქციაში რამდენიმე ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას უჭერენ მხარს.

ლონდონში აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა პრემიერ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას მესამედაც არ დაუჭირა მხარი. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პარლამენტს ამ გადაწყვეტილების გამო უნდა რცხვენოდეს.

კენჭისყრის შედეგი ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის მიერ დადგენილ ბრექსიტის პროცესის დასრულებას და გაერთიანებიდან შეთანხმებით გამოსვლას 22 მაისს ვეღარ შეძლებს. ოფიციალურ ლონდონს შეთანხმების გარეშე გასვლის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებების პროცესის გახანგრძლივებისთვის ვადა 12 აპრილამდე აქვს.

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა და ვადამდელი არჩევნების ინიციატივით გამოვიდა. კენჭისყრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა 10 აპრილს ევროპული საბჭოს შეხვედრა დანიშნა. კენჭისყრის შემდეგ ევროკომისიაში განაცხადეს, რომ 12 აპრილს ევროკავშირიდან ბრიტანეთის ხელშეკრულების გარეშე გასვლა სავარაუდო სცენარია.