ბრეითვეიტი უკმაყოფილოა - საქართველოს საკმარისად არ შევუტიეთ
ბრეითვეიტი უკმაყოფილოა - საქართველოს საკმარისად არ შევუტიეთ

დანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარტინ ბრეითვეიტი საქართველოს ნაკრებთან ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრით უკმაყოფილოა.

ესპანური „ლეგანესეს“ თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ ევრო2020-ის შესარჩევი ციკლის თბილისური შეხვედრის მოგება შესაძლებელი იყო.

„ეს არ იყო ის შედეგი, რომლითაც სიამოვნება განვიცადე. ჩვენ საქართველოში მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვართ. შევხვდით მოწინააღმდეგეს, რომელიც დაცვაში კომპაქტურად თამაშობდა. ეს რთული მატჩი იყო, მაგრამ ვფიქრობ, მეორე ტაიმში საქმე თავად გავირთულეთ. საქართველოს ნაკრებს საკმარისად არ ვუტევდით და ბურთს ფლანგიდან ფლანგზე უაზროდ ვაგორებდით“, – ამბობს ბრეითვეიტი.

მარტინ ბრეითვეიტი დანიელთა შორის ყველაზე აქტიური იყო და სტუმრებმა სამი რეალური საგოლე მომენტი მისი აქტიურობის შედეგად შექმნეს, მაგრამ მისი შეტევების შემდეგ საქართველოს ნაკრები მეკარე გიორგი ლორიამ გადაარჩინა.

დატოვე კომენტარი