ბრაზილიის სერია A ლეგიონერების სარეკორდო რაოდენობით იღებს სტარტს #1TVSPORT
ბრაზილიის სერია A ლეგიონერების სარეკორდო რაოდენობით იღებს სტარტს #1TVSPORT

ბრაზილიის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება ლეგიონერების სარეკორდო რაოდენობით იწყება. წელს სერია A-ს 20 გუნდის შემადგენლობაში დარეგისტრირებულია 137 უცხოელი ფეხბურთელი, რაც 11 პროცენტით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს. ეს მონაცემები გამოცემა GZH-მ გამოაქვეყნა.

„გრემიო“ და „ვასკო და გამა“ სათავეში უდგანან რეიტინგს 11-11 ლეგიონერით. 10-10 უცხოელია „კორინთიანსის“, „ფლუმინენსესა“ და „ფორტალეზას“ შემადგენლობაში.

გამონაკლისს წარმოადგენს „მირასოლი“, რომელსაც ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონში დებიუტი ექნება ლეგიონერის გარეშე. ის ერთადერთი კლუბია ასეთ სიტუაციაში.

საერთო ჯამში, 137 ლეგიონერიდან 121 სამხრეთ ამერიკიდანაა. მათგან ყველაზე მეტი არგენტინელია (46), შემდეგ მოდიან ურუგვაელები (26) და კოლუმბიელები (16). ასევე გაზარდა თავისი წარმომადგენლობა ევროპამ: შარშანდელი ოთხიდან წლევანდელ 12-მდე. აქედან ნახევარი პორტუგალიიდანაა. გარდა ამისა, არის ოთხი აფრიკელი: ორი ანგოლადან და თითო ნიგერიიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან.

წერენ, რომ ლეგიონერების ზრდა განპირობებულია ბრაზილიური ფეხბურთის ფინანსური შესაძლებლობების ზრდით, რაც საერთაშორისო ტალანტების მოზიდვის საშუალებას იძლევა. ბაზრისა და კონკურენციის ზრდასთან ერთად, სერია A-ს გუნდები სულ უფრო ხშირად აკეთებენ აქცენტს ლეგიონერებზე საკუთარი სპორტული მიზნების მისაღწევად.