ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი სასამართლომ თანამდებობას ჩამოაშორა #1TVSPORT
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დანიშნა, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
რიო დე ჟანეიროს შტატის უმაღლესმა სასამართლომ ედნალდო როდრიგესი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ჩამოაშორა. დროებით ორგანიზაციას უხელმძღვანელებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ფერნანდო სარნეი. მას დაევალა, რაც შეიძლება მალე ახალი არჩევნების ორგანიზება.
სასამართლომ გააუქმა კონფედერაციის ხუთი ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომელმაც დაადასტურა 2022 წლის მარტში როდრიგესის პრეზიდენტად არჩევის კანინიერება. გაუქმების მიზეზი გახდა ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ანტონიო კარლოს ნუნიეშის ხელმოწერის შესაძლო გაყალბება. არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე ედნალდო როდრიგესმა გამოაცხადა ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანჩელოტის დანიშვნის შესახებ. ბრაზილიურ პრესაში წერენ, რომ იტალიელის მუშაობას ახალ პოსტზე საფრთხე არ ემუქრება.
ედნალდო როდრიგესმა უკვე შეიტანა აპელაცია ბრაზილიის უმაღლეს სასამართლოში. 2023 წლის დეკემბერში ის ერთხელ უკვე ჩამოაშორეს თანამდებობას, მაგრამ ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელის, ჟილმარ მენდეშის გადაწყვეტილების წყალობით.