ბრაზილიის ქალთა ნაკრები კოპა ამერიკის გამარჯვებულია - 39 წლის მარტა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
ქალთა შორის 2025 წლის კოპა ამერიკა ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ფინალში ბრაზილიამ კოლუმბია პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა.
ფინალური მატჩის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა. კოლუმბიის ნაკრებმა მესამე გოლი 88-ე წუთზე გაიტანა და ტიტულის მოპოვებამდე წუთები აშორებდა, როდესაც 39 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მარტამ წონასწორობა აღადგინა. „ოქროს ბურთის“ ექვსგზის გამარჯვებული მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა.
მარტამ ბრაზილიისთვის კიდევ ერთი გოლი დამატებით დროში, 105-ე წუთზე გაიტანა, თუმცა კოლუმბიელებმა წონასწორობის აღდგენა 115-ე წუთზე მოახერხეს, გოლი ლეისი სანტოსის ანგარიშზეა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში ბრაზილია უკეთესი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მარტამ თავისი პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა კოლუმბიისთვის ეს საკმარისი არ იყო.
შედეგად, ბრაზილიის ქალთა ნაკრები კონტინენტის მთავარი სანაკრებო ტურნირის ჩემპიონი მეცხრედ გახდა. 2025 წლის კოპა ამერიკაზე ბრაზილიელებმა 21 გოლი გაიტანეს.
მარტა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 39 წლის ფეხბურთელი ნაკრებში სწორედ კოპა ამერიკისთვის დაბრუნდა, მან ნაკრები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის შემდეგ დატოვა. მარტას ანგარიშზე ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 206 მატჩში 122 გოლია.