ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალის დაწყებამდე პირველი ამხანაგურ მატჩში პანამა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ბრაზილიის ეროვნული გუნდი მუნდიალისთვის მზადებას განაგრძობს. კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით გუნდმა „მარაკანას“ სტადიონზე პანამის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ჩაატარა. სამხრეთამერიკელებმა მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით, 6:2 დაამარცხეს.

ბრაზილიის ნაკრებს ვერ ეხმარებოდა ნეიმარი. მას ტრავმა აქვს და მისი დაბრუნება ორ კვირაშია მოსალოდნელი.

შეხვედრის სტარტზევე, პირველ წუთზე ვინისიუს ჟუნიორის შორეული გასროლით ბრაზილიელები წინ გავიდნენ. მატეუშ კუნიას მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთის გამო მე-14 წუთზე პანამელებმა წონასწორობა აღადგინეს. ტაიმის მიწურულს, 39-ე წუთზე კაზემირომ მასპინძლები კვლავ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა ერთბაშად 10 ფეხბურთელი შეცვალა. 53-ე წუთზე სხვაობა რაიანმა გაზარდა, მე-60 წუთზე გოლი ლუკას პაკეტამ მიითვალა, რასაც მალევე, სამ წუთში იგორ ტიაგოს ზუსტი დარტყმა მოჰყვა. 81-ე წუთზე დანილომ კიდევ ერთხელ გაიტანა, მატჩში საბოლოო წერტილი კი პანამელმა ჰარვიმ 84-ე წუთზე დასვა.

მსოფლიო ჩემპიონატამდე ბრაზილია კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს – 7 ივნისს ეგვიპტესთან. მუნდიალზე გამოსვლას ანჩელოტის გუნდი 14 ივნისს მაროკოსთან მატჩით დაიწყებს.