ბრაზილიის, ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკის, ურუგვაისა და ესპანეთის მთავრობები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - „ვგმობთ ვენესუელის ტერიტორიაზე ცალმხრივად განხორციელებულ სამხედრო ქმედებებს“
ბრაზილიის, ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკის, ურუგვაისა და ესპანეთის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ აშშ „უკიდურესად საშიშ პრეცედენტს ქმნის მშვიდობისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის“.
აღნიშნული ქვეყნები მოითხოვენ, რომ ვენესუელის სიტუაციის მოგვარება მშვიდობიანი გზით მოხდეს – დიალოგისა და მოლაპარაკებების მეშვეობით. ისინი ასევე გამოხატავენ შეშფოთებას გარე კონტროლის გამო, რომელიც „შეუთავსებელია საერთაშორისო სამართალთან“ და „საფრთხეს უქმნის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას“.
„ჩვენ ვგმობთ და ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ვენესუელის ტერიტორიაზე ცალმხრივად განხორციელებული სამხედრო ქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, კერძოდ, ძალის გამოყენებისა და მუქარის აკრძალვას, ასევე სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით არის გათვალისწინებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.