ბრაზილიელმა მარტამ მიროსლავ კლოზეს გაუსწრო და მუნდიალების აბსოლუტური ბომბარდირი გახდა
ბრაზილიელმა მარტამ მიროსლავ კლოზეს გაუსწრო და მუნდიალების აბსოლუტური ბომბარდირი გახდა

ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებმა ანგარიშით 1:0 დაამარცხა იტალია. ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე პენალტით მარტამ გაიტანა.

33 წლის მარტასთვის ეს იყო მე-17 გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. ამით ის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ამ რანგის ტურნირებზე როგორც ქალების, ასევე მამაკაცების ფეხბურთში.

მარტამ გაუსწრო გერმანელ ფორვარდ მიროსლავ კლოზეს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 16 გოლი გაუტანია. მესამეზეა 15 გოლით მარტას თანამემამულე რონალდო.

მარტამ კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა დააფიქსირა – ის არის პირველი მოთამაშე, რომელმაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე შეძლო გატანა (2003, 2007, 2011, 2015, 2019).

ბრაზილია და იტალია C ჯგუფში თამაშობდნენ. ამ გუნდებმა და ავსტრალიამ 6-6 ქულა დააგროვეს. პირველ-მეორე ადგილებზე იტალია და ავსტრალია გავიდნენ ბურთების უკეთესი სხვაობით და ისინი მერვედფინალში ითამაშებენ. ბრაზილიას აქვს შანსი, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი და ასე მოხვდეს მერვედფინალისტებს შორის.