ბრაზილიელი ნახევარმცველი მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდედ ითამაშებს
ბრაზილიელი ნახევარმცველი მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდედ ითამაშებს

დღეს ბრაზილიის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა იმ მოთამაშეების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. ამ სიაში 41 წლის ნახევარმცველი ფორმიგაც მოხვდა. შედეგად, ის პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდედ იასპარეზებს. აქამდე ასეთი ფაქტი არც ქალთა ფეხბურთში დაფიქსირებულა და არც კაცებში.

აქამდე ფორმიგა რეკორდულ მაჩვენებელს იაპონელ ჰომარე სავასთან იყოფდა. კაცებში კი 5 ჩემპიონატზე მეტი არავის უთამაშია. ეს შედეგიც მხოლოდ 3 მოთამაშეს ეკუთვნის: მექსიკელებს რაფაელ მარკესსა და ანტონიო კარვახალს და გერმანელ ლოთარ მათეუსს.

თუ ფორმიგა საფრანგეთში მოედანზე გავა, ის გახდება ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ბრაზილიელი ნახევარმცველი ეროვნული ნაკრების ღირსებას 1995 წლიდან იცავს. ბოლო 3 წელია, ის პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაშია.

2019 წლის მსოფლიოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი 7 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება.