ბრაზილიელი ლეგიონერი „გენტიდან“ - „საბურთალომ“ ბათუმელთა ყოფილი შემტევი დაიმატა #1TVSPORT
ბრაზილიელი ლეგიონერი „გენტიდან“ - „საბურთალომ“ ბათუმელთა ყოფილი შემტევი დაიმატა #1TVSPORT

საბურთალომ“ კიდევ ერთი ახალწვეული დაიმატა. ეს ფეხბურთელი ბრაზილიელი ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზა​ა, რომელიც თბილისურ კლუბში ბელგიური „გენტიდან“ ჩამოვიდა.

„20 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟულიო ვინისიუსი „საბურთალოში“ ჩაირიცხა. შემტევმა ნახევარმცველმა თბილისურ კლუბთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

საბურთალოსთვის” ბრაზილიელი ახალწვეული მეორე ლეგიონერია ხორვატი ბენედიკ მიოჩის შემდეგ. 20 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ბოლო კლუბი „გენტის“ სარეზერვო გუნდი იყო. აღსანიშნავია, რომ ჟულიო ვინისიუსი საქართველოში აქამდეც თამაშობდა – ის 2020 წელს ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა და გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მაგრამ ჟულიო ვინისიუსი ჩამოსვლისთანავე დაშავდა და ტრავმებმა თავის გამოვლენაში ხელი შეუშალა. 2020 წლის ზაფხულში ბათუმელებმა ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევი მესამე ლიგის საგარეჯოს „გარეჯში“ იჯარით გაუშვეს, მაგრამ იქ არც წასულა და ბელგიურ კლუბ „გენტში“ გადავიდა.

ჟულიო ვინისიუსი მარცხენა ნახევარმცველია და უთამაშია „გრემიოს“, „ატლეტიკოსა“ და „ბაიას“ ასაკობრივ გუნდებში.